კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ეს პოლიტიკა განმარტავს, როგორ ამუშავებს CyFlow პერსონალურ მონაცემებს: რას ვიღებთ, რისთვის, რამდენ ხანს ვინახავთ, ვის გადაეცემა და რა უფლებები გაქვთ. პოლიტიკა გამოქვეყნებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე; შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ტექსტს. ძალაშია [შესავსებია]-დან.
1. ვინ ვართ
CyFlow-ს (cyflow.ge, app.cyflow.ge) მართავს ინდ. მეწარმე ლევანი გაბინაშვილი (რეგისტრირებულია საქართველოში, მცირე ბიზნესის სტატუსით; პირადი ნომერი 01019082789, იურიდიული მისამართი: ზღვისუბნის დასახლება, Xა კვარტალი, კორპუსი 44, ბინა 48, თბილისი 0178) (შემდგომში „CyFlow“ ან „ჩვენ“). მონაცემებთან დაკავშირებული კითხვები: privacy@cyflow.ge. ტელეფონი: +995 574 11 29 08. დახმარება: support@cyflow.ge.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი დანიშნული არ გვყავს. მონაცემებთან დაკავშირებული ყველა კითხვით მოგვწერეთ: privacy@cyflow.ge.
2. რას აკეთებს CyFlow
CyFlow ბიზნესებს აძლევს საშუალებას, კლიენტების შეტყობინებები ერთ ადგილას მიიღონ და უპასუხონ. არხები: Telegram, WhatsApp, Instagram, Facebook Messenger, Viber, ბიზნესის საიტის ჩატი, ელფოსტა და SMS. CyFlow-ს ორი გზით იყენებენ: სხვა პროგრამის შიგნით (მაგალითად, Visage), რომელიც CyFlow-ს API-ით უკავშირდება, ან უშუალოდ CyFlow Inbox-ში (app.cyflow.ge). ყველა არხი შეიძლება ყველა ბიზნესისთვის ჯერ ხელმისაწვდომი არ იყოს; არხის შესახებ წესები ვრცელდება მაშინ, როცა ბიზნესი ამ არხს იყენებს.
3. ჩვენი როლი
- ბიზნესის კლიენტებთან მიმოწერა: ამ მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ბიზნესია: ის წყვეტს, ვის და რას სწერს. CyFlow Inbox-ში CyFlow არის დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი და მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ ბიზნესის მითითებით, გამოყენების პირობების დანართის (მონაცემთა დამუშავების პირობები) შესაბამისად. API-ის შემთხვევაში პროგრამა არის ბიზნესის დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, CyFlow კი პროგრამის ქვე-უფლებამოსილი პირი, პროგრამასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
- CyFlow-ის საკუთარი მონაცემები: დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი CyFlow-ია Inbox-ის მომხმარებლების ანგარიშებზე, პროგრამების წარმომადგენლების საკონტაქტო მონაცემებსა და გასაღებებზე, კავშირებისა და უსაფრთხოების მონაცემებზე (ვინ დააკავშირა არხი, წვდომის ტოკენები, აუდიტის ჩანაწერები, წაშლის მოთხოვნების ჩანაწერები, მოთხოვნების ლიმიტები) და ჩვენი საიტის ტექნიკურ მონაცემებზე.
- არხები: Telegram, Meta (WhatsApp, Instagram, Messenger) და Viber შეტყობინებებს საკუთარი პირობებითა და კონფიდენციალურობის პოლიტიკით ამუშავებენ. WhatsApp-ის შემთხვევაში Meta შეტყობინებებს ბიზნესის დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის სახით ამუშავებს, Meta-ს WhatsApp Business პლატფორმის პირობების მიხედვით.
თუ CyFlow-ის მომხმარებელი ბიზნესის კლიენტი ხართ, იხილეთ მე-13 პუნქტი.
4. რა მონაცემებს ვამუშავებთ და საიდან ვიღებთ
მონაცემებს ვიღებთ არხებიდან (Telegram, Meta, Viber, ჩვენი ელფოსტისა და SMS-ის მიმწოდებლები), ბიზნესისა და მისი გუნდისგან, თქვენგან რეგისტრაციისას, ხოლო Instagram-ისა და Messenger-ის კლიენტების სახელებს Meta-ს API-დან. არხების მიხედვით დეტალები მოცემულია გვერდზე მონაცემთა გამოყენება და წაშლა.
- კავშირის მონაცემები: არხის იდენტიფიკატორები (Facebook-ის გვერდი, Instagram ანგარიში, WhatsApp Business ანგარიში და ნომერი, Telegram-ის კავშირი, Viber-ის ბოტი, SMS-ის გამგზავნის სახელი, ბიზნესის CyFlow-ის ელფოსტის მისამართი), ანგარიშის სახელი, იმ პირის იდენტიფიკატორი, ვინც არხი დააკავშირა (Facebook-ის, Instagram-ის ან Telegram-ის მომხმარებლის იდენტიფიკატორი), მის მიერ მიცემული უფლებები და წვდომის ტოკენი (დაშიფრული).
- კლიენტის საკონტაქტო მონაცემები, როგორც მათ არხი გადმოგვცემს: იდენტიფიკატორი, სახელი და მომხმარებლის სახელი; ტელეფონის ნომერი WhatsApp-სა და SMS-ზე; ელფოსტის მისამართი ელფოსტის არხზე; საიტის ჩატში ის, რასაც სტუმარი თავად შეიყვანს. Instagram-ისა და Messenger-ის შემთხვევაში Inbox პირველი შეტყობინების შემდეგ Meta-სგან იღებს კლიენტის სახელს (და Instagram-ის მომხმარებლის სახელს) და ინახავს დაშიფრულად.
- შეტყობინებები: ტექსტი, წარწერები, ფაილების აღწერა (ტიპი, ზომა, სახელი), ასევე მიწოდებისა და წაკითხვის დადასტურებები, რედაქტირება და წაშლა, რომელთა შესახებაც არხი გვატყობინებს. ელფოსტაზე ასევე წერილის თემა და მიმოწერის იდენტიფიკატორები.
- ფაილები (ფოტოები, ხმოვანი შეტყობინებები, დოკუმენტები): Inbox-ში ინახება დაშიფრული ასლი, რადგან არხები ფაილების ბმულებს რამდენიმე დღეში აუქმებენ. API-ის შემთხვევაში ფაილს პირდაპირ არხიდან გადავცემთ და არ ვინახავთ, გარდა ელფოსტის დანართებისა, რომლებიც დაშიფრულად ინახება.
- WhatsApp Business აპლიკაციის ნომრები: თუ ბიზნესი Meta-ს ფანჯარაში ამის ნებას დაგვრთავს, ვიღებთ მის WhatsApp-ის კონტაქტებს (სახელები და ნომრები), დაახლოებით ბოლო ექვსი თვის მიმოწერას და შეტყობინებებს, რომლებსაც ბიზნესი შემდეგ ტელეფონის აპლიკაციიდან აგზავნის.
- კომენტარები (მხოლოდ თუ ბიზნესი მათ ჩართავს): კომენტარის ავტორის სახელი ან მომხმარებლის სახელი და კომენტარი ბიზნესის საკუთარ Instagram-ისა და Facebook-ის პოსტებზე, ბიზნესის საჯარო პასუხები და ერთი პირადი პასუხი.
- SMS: ბიზნესის გამგზავნის სახელი და მის მიერ დაწერილი აღწერა, რომლებიც დასამტკიცებლად uBill-ს ეგზავნება.
- Inbox-ის ანგარიში: სახელი, ელფოსტა, პაროლი (მხოლოდ ჰეშის სახით, თავად პაროლს ვერ ვხედავთ), ენა, გუნდის წევრობა და როლი, შესვლის სესიები (მოწყობილობის აღწერა, მაგალითად „Chrome, Windows“, და ბოლო აქტივობის დრო), ორსაფეხურიანი შესვლის საიდუმლო გასაღები (დაშიფრული) და აღდგენის კოდები (ჰეშის სახით), მოწვევები (მოწვეულის ელფოსტა და ვინ მოიწვია); მობილურის ნომერი, რომელიც ერთჯერადი SMS კოდით დასტურდება, და პირადი ნომერი (ორივე დაშიფრული); ბიზნესის შესახებ: არის ის კომპანია თუ ინდივიდუალური მეწარმე, კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი (დაშიფრული) და დაადასტურა თუ არა ის CyFlow-მა.
- Inbox-ში გუნდის მიერ შექმნილი მონაცემები: შენიშვნები და კლიენტზე დამატებული დეტალები (სახელი, ტელეფონი, ელფოსტა, დაბადების დღე, თეგები), შენახული პასუხები (ყველა დაშიფრულია), ვინ რომელ საუბარზეა პასუხისმგებელი და ვინ გაგზავნა თითოეული პასუხი.
- შეტყობინებების პარამეტრები, თუ მომხმარებელი მათ ჩართავს: CyFlow-ის ბოტთან მისი Telegram-ის ჩატის იდენტიფიკატორი და ბრაუზერის შეტყობინებების (push) სერვისის მისამართი (ორივე დაშიფრულად). Telegram-ის შეტყობინება შეიცავს მხოლოდ სივრცის სახელს, პასუხის მომლოდინე საუბრების რაოდენობას და ბმულს; ბრაუზერის შეტყობინება ცარიელია.
- ვებჰუკი, თუ სივრცის მფლობელი მას დააყენებს: მისამართი და ხელმოწერის გასაღები (დაშიფრული) და გასაგზავნი მოვლენები (დაშიფრული).
- პროგრამების წარმომადგენლები: საკონტაქტო მონაცემები, API-ის გასაღები (მხოლოდ ჰეშის სახით), ვებჰუკის მისამართი და საიდუმლო გასაღები (დაშიფრული).
- ტექნიკური მონაცემები: მოწყობილობის ქსელური მისამართი (IP) რეგისტრაციის, შესვლისა და პაროლის აღდგენის მცდელობების შესაზღუდად (საიტის ჩატში მხოლოდ შემოკლებული ცალმხრივი ჰეში); ჰოსტინგის მოთხოვნების ჟურნალი (IP, ბრაუზერი, მისამართი, დრო); შეტყობინებების მეტამონაცემები (იდენტიფიკატორი, მიმართულება, ტიპი, დრო, კლიენტის იდენტიფიკატორი არხში); უსაფრთხოების აუდიტის ჩანაწერები (ვინ, რა და როდის გააკეთა, მათ შორის ვინ გახსნა რომელი საუბარი, შეტყობინებების შინაარსისა და ტელეფონის ნომრების გარეშე); Meta-სგან მიღებული წაშლის მოთხოვნების ჩანაწერები (პირის იდენტიფიკატორი მხოლოდ ცალმხრივი ჰეშის სახით).
5. რისთვის ვიყენებთ მონაცემებს და რა საფუძვლით
მონაცემებს, რომელთა დამუშავებისთვისაც პასუხისმგებელი პირი CyFlow-ია, ვამუშავებთ:
- Inbox-ის ანგარიშის სამართავად: რეგისტრაცია, შესვლა, ორსაფეხურიანი შესვლა, სესიები, მოწვევები და სისტემური წერილები (დადასტურება, პაროლის აღდგენა). საფუძველი: თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესრულება.
- იმის შესამოწმებლად, ვინ ხსნის ანგარიშს და ვინ დგას ბიზნესის უკან, სანამ ის Inbox-ით სარგებლობას დაიწყებს: მობილურის ნომერს ვადასტურებთ SMS კოდით, ხოლო ბიზნესის დადასტურებამდე ჩვენი თანამშრომლები ამოწმებენ პირად ნომერს და, კომპანიის შემთხვევაში, მის საიდენტიფიკაციო კოდს (მაგალითად, საჯარო რეესტრში). ამ ნომრებს ხედავენ მხოლოდ რეგისტრაციების განმხილველი თანამშრომლები და ყოველი ნახვა აღირიცხება. საფუძველი: თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესრულება და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, თავიდან ავიცილოთ თაღლითობა, სხვის სახელით მოქმედება და CyFlow-ით დაკავშირებული არხების ბოროტად გამოყენება.
- ბიზნესისთვის არხების დასაკავშირებლად და სამართავად, მათ შორის იმ პირის იდენტიფიკატორი, ვინც არხი დააკავშირა. საფუძველი: ბიზნესთან დადებული ხელშეკრულების შესრულება; ამ პირის მიმართ ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, ვმართოთ მის მიერ შექმნილი კავშირი და დავადასტუროთ, ვინ შექმნა იგი.
- უსაფრთხოებისა და ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად: მოთხოვნების ლიმიტები ქსელური მისამართებით, დუბლიკატების შემოწმება, აუდიტის ჩანაწერები. საფუძველი: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავიცვათ სერვისისა და მომხმარებლების მონაცემების უსაფრთხოება და ინციდენტის შემთხვევაში დავადგინოთ, რა მოხდა.
- Meta-სა და სხვა არხების წაშლის მოთხოვნების შესასრულებლად და ამის დამადასტურებელი ჩანაწერის შესანახად. საფუძველი: კანონითა და არხების პირობებით დაკისრებული ვალდებულებები და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავადასტუროთ მათი შესრულება.
- სახელმწიფო ორგანოების კანონიერ მოთხოვნებზე საპასუხოდ და ბუღალტრული დოკუმენტების შესანახად. საფუძველი: კანონით დაკისრებული ვალდებულება.
- Telegram-ისა და ბრაუზერის შეტყობინებების გასაგზავნად. საფუძველი: მომსახურება, რომელიც თავად მოითხოვეთ; მათ თქვენ რთავთ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამორთოთ.
- CyFlow-ის შესახებ სერვისული შეტყობინებებისთვის (უსაფრთხოება, პირობების ცვლილება). საფუძველი: ხელშეკრულების შესრულება.
ეს საფუძვლები გათვალისწინებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და, სადაც ვრცელდება, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) მე-6 მუხლით. როცა ლეგიტიმურ ინტერესს ვეყრდნობით, შეგიძლიათ მოითხოვოთ დამუშავების შეწყვეტა (მე-14 პუნქტი).
Inbox-ის მომხმარებლებს ვუგზავნით მხოლოდ სერვისთან დაკავშირებულ წერილებს. სიახლეებს ან შეთავაზებებს (პირდაპირი მარკეტინგი) გამოგიგზავნით მხოლოდ თქვენი ცალკე თანხმობით, რომლის გამოხმობაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
Inbox-ის ანგარიშის შესაქმნელად აუცილებელია სახელი, ელფოსტა, პაროლი, საქართველოს მობილურის ნომერი და პირადი ნომერი; ვინც ბიზნესს არეგისტრირებს, ასევე მიუთითებს, არის ის კომპანია (საიდენტიფიკაციო კოდით) თუ ინდივიდუალური მეწარმე. მათ გარეშე ანგარიშს ვერ გავხსნით და ბიზნესს ვერ დავადასტურებთ. დანარჩენი ნებაყოფლობითია. ყოველ ბიზნესს CyFlow-ის თანამშრომელი ადასტურებს; თქვენ შესახებ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ავტომატიზებულად არ ვიღებთ.
მიმოწერის მონაცემებზე, რომლებსაც ბიზნესისთვის ვამუშავებთ, დამუშავების საფუძველს ბიზნესი ირჩევს და ის აწვდის ინფორმაციას თავის კლიენტებს.
6. რას არასოდეს ვაკეთებთ
არ ვყიდით, არ ვაქირავებთ, არ ვალიცენზირებთ და არ ვყიდულობთ Meta-სგან, Telegram-ისგან ან სხვა არხიდან მიღებულ მონაცემებს; არ ვიყენებთ მათ რეკლამისთვის, ადამიანების პროფილების შესაქმნელად ან შესავსებად, თვალთვალისთვის ან იმის გადასაწყვეტად, ეკუთვნის თუ არა ვინმეს საცხოვრებელი, სამსახური, დაზღვევა, განათლება, სესხი, სახელმწიფო დახმარება ან საიმიგრაციო სტატუსი; არ ვაერთიანებთ სხვადასხვა ბიზნესის მონაცემებს; არ გადავცემთ მათ მონაცემებით მოვაჭრეებს; შეტყობინებებს, ფაილებსა და საკონტაქტო მონაცემებს არ ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად ან გასაუმჯობესებლად, არც ჩვენი და არც სხვისი. მონაცემებს ვუზიარებთ მხოლოდ მე-8 პუნქტში აღწერილ პირებს.
CyFlow მიმოწერაზე ხელოვნურ ინტელექტს არ იყენებს. თუ ასეთ ფუნქციას დავამატებთ, ის იქნება ნებაყოფლობითი და მის შესახებ ამ პოლიტიკაში მის ამოქმედებამდე დავწერთ; WhatsApp-ის მონაცემებს ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად არასოდეს გამოვიყენებთ.
Inbox ბიზნესს აძლევს საშუალებას, საკუთარ კლიენტებზე შენიშვნები და დეტალები შეინახოს. ეს ბიზნესის მონაცემებია, ინახება მხოლოდ მის სივრცეში და CyFlow მათ სხვა მიზნით არ იყენებს.
7. რამდენ ხანს ვინახავთ
- შეტყობინების ტექსტი მიწოდების რიგში (დაშიფრული; API-ითაც და Inbox-შიც): იშლება შეტყობინების მიღებიდან ან გაგზავნიდან 30 დღეში, მიუხედავად იმისა, მიწოდებულია ის, მიწოდება საბოლოოდ ვერ მოხერხდა (დაახლოებით 2 დღის მცდელობის შემდეგ) თუ ასლი ჯერ კიდევ რიგშია, რადგან პროგრამას მოქმედი ვებჰუკის მისამართი არ აქვს.
- შეტყობინებების მეტამონაცემები (იდენტიფიკატორი, მიმართულება, ტიპი, დრო, კლიენტის იდენტიფიკატორი არხში): 90 დღე.
- კლიენტის ბოლო შეტყობინების დრო (პასუხის ფანჯრისთვის): 30 დღე; ელფოსტაზე, SMS-სა და საიტის ჩატში: 90 დღე.
- ელფოსტის თემა და მიმოწერის იდენტიფიკატორები, საიტის ჩატის სტუმრის სახელი, ტელეფონი და ელფოსტა (დაშიფრული): ბოლო განახლებიდან 90 დღე.
- ელფოსტის დანართები (დაშიფრული): 30 დღე.
- საიტის ჩატის პასუხები, რომლებიც სტუმრის ბრაუზერს ჯერ არ მიუღია (დაშიფრული): იშლება მიღებისთანავე, არაუგვიანეს 30 დღისა.
- დუბლიკატების შემოწმების ჩანაწერები: 30 დღე. დაკავშირების კოდები (მხოლოდ ჰეში): გამოყენებიდან ან ვადის გასვლიდან 7 დღე.
- მოთხოვნების ლიმიტის მრიცხველები, მათ შორის მოწყობილობის ქსელური მისამართი (IP) რეგისტრაციისა და შესვლისას: 1 დღე.
- Inbox-ის შეტყობინებები და ფაილები: სივრცის მფლობელის არჩეული ვადით: 90 დღე, 365 დღე (ნაგულისხმევად) ან სანამ მფლობელი სივრცეს არ წაშლის. უფრო ძველი შეტყობინებები და ფაილები ყოველდღე ავტომატურად იშლება.
- Inbox-ის საუბარი, შენიშვნები და კლიენტის დეტალები: იშლება, როცა საუბარში შეტყობინება აღარ რჩება, ან სივრცის წაშლისას.
- Inbox-ის შესვლის სესია: 30 დღე. ელფოსტის ბმულები: დადასტურება 3 დღე, პაროლის აღდგენა 1 საათი; ჩანაწერი იშლება გამოყენებიდან ან ვადის გასვლიდან 7 დღეში. მოწვევები: მოქმედებს 7 დღე, იშლება ვადის გასვლიდან 30 დღეში.
- Inbox-ის ვებჰუკის მოვლენები: შინაარსი იშლება გაგზავნისთანავე ან დაახლოებით 2 დღის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ; გაგზავნის ჩანაწერი (შინაარსის გარეშე) 7 დღეში.
- შეტყობინებების პარამეტრები (Telegram-ის ჩატის იდენტიფიკატორი, ბრაუზერის შეტყობინებების მისამართი): სანამ მომხმარებელი მათ არ გამორთავს.
- Inbox-ის მომხმარებლის ანგარიში (სახელი, ელფოსტა, პაროლის ჰეში, ორსაფეხურიანი შესვლის მონაცემები): სანამ მომხმარებელი მას თავად არ წაშლის (პარამეტრები > ანგარიშის წაშლა). მობილურის ნომერი და პირადი ნომერი ანგარიშთან ერთად იშლება, კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი კი სივრცესთან ერთად; ერთჯერადი SMS კოდი 10 წუთი მოქმედებს და გამოყენებისთანავე იშლება. ანგარიში, რომელიც არცერთ სივრცეს აღარ ეკუთვნის და რომლითაც არავინ შედის, იშლება რეგისტრაციიდან 30 დღის შემდეგ. დაუდასტურებელი რეგისტრაციისთვის ცალკე ვადა ჯერ დადგენილი არ არის.
- კავშირის ჩანაწერი (არხის იდენტიფიკატორი და სახელი): გათიშვიდან 1 წლის შემდეგ იშლება სახელი, მფლობელის იდენტიფიკატორი და სხვა დეტალები, ხოლო თავად ჩანაწერი იშლება, როცა მას აღარაფერი უკავშირდება (Inbox-ის მიმოწერები მას ინახავს, სანამ სამუშაო სივრცე მათ არ წაშლის). ბიზნესის ჩანაწერი (სახელი და პროგრამის მიერ მინიჭებული იდენტიფიკატორი): გათიშვის შემდეგაც ინახება; ვადა ჯერ დადგენილი არ არის. არხის წვდომის ტოკენი იშლება გათიშვისთანავე.
- უსაფრთხოების აუდიტის ჩანაწერები (ვინ, რა და როდის გააკეთა; შეტყობინებების შინაარსისა და ტელეფონის ნომრების გარეშე): იშლება შექმნიდან 2 წლის შემდეგ. Meta-სგან მიღებული წაშლის მოთხოვნების ჩანაწერები (კოდი, თარიღი, პირის იდენტიფიკატორი მხოლოდ ცალმხრივი ჰეშის სახით): იშლება 2 წლის შემდეგ; მანამდე სტატუსის გვერდზე მოთხოვნის შედეგი ჩანს.
- ჰოსტინგის მოთხოვნების ჟურნალი: [შესავსებია] დღე. მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლები: წაშლილი მონაცემები სარეზერვო ასლებიდან ქრება [შესავსებია] დღეში.
- ელფოსტისა და SMS-ის მიმწოდებლები ინახავენ წერილებისა და SMS-ის ასლს საკუთარი წესების მიხედვით; ვადას ვაზუსტებთ და აქ მივუთითებთ.
როგორ წაშალოთ მონაცემები ამ ვადებზე ადრე, აღწერილია გვერდზე მონაცემთა გამოყენება და წაშლა. ბუღალტრულ დოკუმენტებს, როცა ფასიანი გეგმები დაემატება, შევინახავთ იმ ვადით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა ადგენს.
8. მონაცემთა მიმღებები
- ბიზნესი და მისი გუნდი (Inbox): სივრცის ყველა წევრი ხედავს სივრცის ყველა საუბარს, მათ შორის Instagram-ისა და Messenger-ის შეტყობინებებს.
- პროგრამა (API), რომელსაც ბიზნესი იყენებს.
- ბიზნესის ვებჰუკი, თუ სივრცის მფლობელი მას დააყენებს (მაგალითად, ბიზნესის CRM ან ავტომატიზაციის სერვისი): CyFlow იქ კლიენტის მონაცემებსა და შეტყობინებებს ბიზნესის მითითებით აგზავნის; ამ მისამართზე პასუხისმგებელია ბიზნესი.
- თავად არხი (Telegram; WhatsApp-ის, Instagram-ისა და Messenger-ის შემთხვევაში Meta; Viber), როცა შეტყობინება იგზავნება, და ელფოსტისა და SMS-ის შემთხვევაში ჩვენი მომსახურების მიმწოდებელი (იხ. ქვემოთ). საიტის ჩატს CyFlow თავად ემსახურება.
- Telegram, თუ გუნდის წევრი Telegram-ის შეტყობინებებს ჩართავს (მხოლოდ სივრცის სახელი, მომლოდინე საუბრების რაოდენობა და ბმული), და ბრაუზერების შეტყობინებების სერვისები (Google, Mozilla, Apple, Microsoft), თუ მომხმარებელი ბრაუზერის შეტყობინებებს ჩართავს (მხოლოდ ცარიელი სიგნალი).
- uBill, ჩვენი SMS-ის მიმწოდებელი, იღებს თქვენს მობილურის ნომერს და ერთჯერად კოდს, რათა ის SMS-ით გამოგიგზავნოთ.
- პროფესიონალი მრჩევლები (იურისტი, აუდიტორი), რომლებსაც კონფიდენციალურობის ვალდებულება აქვთ.
- სახელმწიფო ორგანოები და სასამართლო: მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგალითად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. თუ კანონი არ კრძალავს, ამის შესახებ წინასწარ ვაცნობებთ შესაბამის ბიზნესს.
- ახალი მფლობელი, თუ CyFlow გაიყიდება ან სხვა კომპანიას შეუერთდება: ანგარიშის მონაცემები შეიძლება მას გადაეცეს; Meta-სგან მიღებული მონაცემები მხოლოდ Meta-ს თანხმობით.
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები (მომსახურების მიმწოდებლები), რომლებიც მონაცემებს ჩვენი დავალებით ამუშავებენ:
- Supabase, Inc.: მონაცემთა ბაზა და დაშიფრული ფაილების საცავი; მონაცემთა ადგილმდებარეობა: გერმანია (ფრანკფურტი, ევროკავშირი); კომპანიის რეგისტრაციის ქვეყანა: აშშ.
- Vercel Inc.: ჰოსტინგი: სერვერები, საიტის მიწოდება და მოთხოვნების ჟურნალი; მონაცემთა ადგილმდებარეობა: გერმანია (ფრანკფურტი, ევროკავშირი); საიტის საჯარო გვერდები მიეწოდება მსოფლიო ქსელიდან; კომპანიის რეგისტრაციის ქვეყანა: აშშ.
- [email service: to be confirmed]: სისტემური წერილები (რეგისტრაცია, პაროლის აღდგენა, მოწვევები) და ელფოსტის არხით გაგზავნილი პასუხები; მონაცემთა ადგილმდებარეობა: [დასაზუსტებელია]; კომპანიის რეგისტრაციის ქვეყანა: [დასაზუსტებელია].
- Postmark [legal entity to be confirmed]: ბიზნესის CyFlow-ის მისამართზე მოსული წერილების მიღება; მონაცემთა ადგილმდებარეობა: [დასაზუსტებელია]; კომპანიის რეგისტრაციის ქვეყანა: აშშ [დასაზუსტებელია] (მხოლოდ ელფოსტის არხისთვის).
- uBill [legal entity to be confirmed]: SMS-ის გაგზავნა და მიღება, გამგზავნის სახელის დამტკიცება, Inbox-ის მომხმარებლების მობილურის ნომრის დასადასტურებელი კოდები; მონაცემთა ადგილმდებარეობა: საქართველო [დასაზუსტებელია]; კომპანიის რეგისტრაციის ქვეყანა: საქართველო (SMS-ისა და რეგისტრაციის კოდებისთვის).
9. მონაცემთა გადაცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ
მონაცემებს ვინახავთ გერმანიაში (ფრანკფურტი, ევროკავშირი). გერმანია და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები შედის მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხაში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
Supabase, Inc. და Vercel Inc. რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ამ ნუსხაში არ შედის; მათ თანამშრომლებს შეიძლება ევროკავშირის ფარგლებს გარედანაც ჰქონდეთ მონაცემებზე წვდომა, მაგალითად, ტექნიკური დახმარებისთვის. ჩვენი ელფოსტის მიმწოდებელმა შეიძლება წერილები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ დაამუშაოს. ასეთი გადაცემა ხდება მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით: [შესავსებია]. სადაც GDPR ვრცელდება, ვიყენებთ თითოეული მიმწოდებლის მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გარანტიებს (ევროკომისიის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები ან ევროკავშირისა და აშშ-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის ჩარჩო, თუ მიმწოდებელი მასშია სერტიფიცირებული). გარანტიების ასლი შეგიძლიათ მოითხოვოთ: privacy@cyflow.ge.
CyFlow-ის თანამშრომლები საქართველოში მუშაობენ. როცა კლიენტი წერს Telegram-ით, WhatsApp-ით, Instagram-ით, Messenger-ით ან Viber-ით, ეს არხი შეტყობინებას საკუთარი პირობებით ამუშავებს, იმ ქვეყნებში, სადაც მუშაობს.
10. უსაფრთხოება
შეტყობინებები, ფაილები, კლიენტის მონაცემები, შენიშვნები, Meta-სგან მიღებული სახელები, შეტყობინებების მისამართები და არხების წვდომის ტოკენები შენახვისას დაშიფრულია (AES-256-GCM). პაროლები ინახება მხოლოდ მძლავრი ჰეშის სახით (scrypt), ხოლო პროგრამების გასაღებები, დაკავშირების კოდები და აღდგენის კოდები მხოლოდ ჰეშის სახით. თითოეულ პროგრამასა და Inbox-ის თითოეულ სივრცეს წვდომა აქვს მხოლოდ საკუთარ მონაცემებზე. ყველა კავშირი დაშიფრულია (HTTPS). Inbox-ის ანგარიშებისთვის ხელმისაწვდომია ორსაფეხურიანი შესვლა. სისტემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც ეს სამუშაოსთვის სჭირდება და ვისაც კონფიდენციალურობის ვალდებულება აქვს.
დაშიფვრა არ არის „ბოლოდან ბოლომდე“: დაშიფვრის გასაღებები CyFlow-ს აქვს, რათა სერვისმა შეტყობინებები ბიზნესის გუნდს აჩვენოს და მიაწოდოს. ჩვენი თანამშრომლები მიმოწერას არ ხსნიან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამას ბიზნესი დახმარებისთვის ითხოვს, ინციდენტის აღმოსაფხვრელად ან კანონის მოთხოვნით.
პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აღირიცხება: როცა Inbox-ის გუნდის წევრი საუბარს ხსნის და როცა CyFlow-ის თანამშრომელი ადმინისტრირების ნაწილში კავშირის გვერდს ხსნის (ის აჩვენებს ბოლო დროს მოწერილი კლიენტების იდენტიფიკატორებს), ვინიშნავთ, ვინ, როდის და რომელი საუბარი ან კავშირი გახსნა, შეტყობინებების შინაარსის გარეშე. ერთი და იმავე პირის განმეორებითი გახსნა ერთი საათის განმავლობაში ერთხელ აღირიცხება. ასევე აღირიცხება ჩვენ მიერ მოთხოვნით შესრულებული ყოველი წაშლა. ეს ჩანაწერები აუდიტის ჩანაწერებთან ერთად ინახება. ისინი არ მოიცავს მონაცემთა ბაზაზე პირდაპირ ტექნიკურ წვდომას, რომელიც მხოლოდ დასახელებულ თანამშრომლებს აქვთ.
უსაფრთხოების ხარვეზის შესახებ შეგვატყობინეთ: security@cyflow.ge.
11. ინციდენტები
თუ ინციდენტი პერსონალურ მონაცემებს შეეხება, ვზღუდავთ მის შედეგებს. როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ შესაბამის ბიზნესებსა და პროგრამებს. როცა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ჩვენ ვართ, ინციდენტის შესახებ კანონით დადგენილი წესით, 72 საათის განმავლობაში, ვატყობინებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ხოლო თუ ინციდენტი თქვენს მონაცემებს მაღალ რისკს უქმნის, დაუსაბუთებელი დაყოვნების გარეშე გაცნობებთ თქვენც. ინციდენტის შესახებ ასევე ვაცნობებთ Meta-ს, Telegram-სა და სხვა არხებს, როგორც ამას მათი პირობები მოითხოვს.
12. ქუქი-ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები
CyFlow თავად ანალიტიკის ან რეკლამის ქუქი-ფაილებს არ იყენებს. ვიყენებთ:
- cy_session (app.cyflow.ge): შესვლის სესია; ვინახავთ მხოლოდ მის ჰეშს; 30 დღე.
- cy_mfa (app.cyflow.ge): ნაბიჯი პაროლსა და ორსაფეხურიანი შესვლის კოდს შორის; 5 წუთი.
- cy_lang (app.cyflow.ge): არჩეული ენა; 365 დღე.
- cy_fb_pending (cyflow.ge, Messenger-ის დაკავშირების გვერდი): Facebook-ის წვდომის ტოკენი (დაშიფრული), სანამ გვერდს აირჩევთ; 10 წუთი.
- cy_admin (cyflow.ge/admin): CyFlow-ის თანამშრომლის შესვლა; 12 საათი.
- ბრაუზერის ლოკალური მეხსიერება ib-theme და ib-panel (app.cyflow.ge): ფერის თემა და პანელის განლაგება, სანამ მათ არ წაშლით.
- Service worker და შეტყობინებების გამოწერა (app.cyflow.ge): მხოლოდ თუ ბრაუზერში შეტყობინებებს დაუშვებთ.
გვერდზე, სადაც ბიზნესი WhatsApp-ს აკავშირებს (cyflow.ge/connect/whatsapp), Meta-ს JavaScript SDK მხოლოდ მაშინ იტვირთება Meta-ს სერვერებიდან, როცა „WhatsApp-ის დაკავშირების“ ღილაკს დააჭერთ, რათა Meta-ს რეგისტრაციის ფანჯარა იმუშაოს. გვერდის გახსნისას Meta-ს სკრიპტი არ იტვირთება. ჩატვირთვის შემდეგ Meta იღებს თქვენი მოწყობილობის ტექნიკურ მონაცემებს და შეიძლება საკუთარი ქუქი-ფაილები დააყენოს. აპლიკაციის მოვლენების ავტომატური აღრიცხვა (autoLogAppEvents) გამორთულია. Meta ამ მონაცემებს საკუთარი კონფიდენციალურობისა და ქუქი-ფაილების პოლიტიკით ამუშავებს; CyFlow მათ არ იღებს.
საიტის ჩატი მიმოწერას (ბოლო 200 შეტყობინებას) და სტუმრის იდენტიფიკატორს ინახავს სტუმრის ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებაში, ბიზნესის საიტზე. ამის შესახებ სტუმრებს ბიზნესი აცნობებს.
13. თუ CyFlow-ის მომხმარებელ ბიზნესს მისწერეთ
თუ ბიზნესს მისწერეთ საიტის ჩატით, Telegram-ით, WhatsApp-ით, Instagram-ით, Messenger-ით, Viber-ით, ელფოსტით ან SMS-ით და ბიზნესი CyFlow-ს იყენებს, თქვენი მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ეს ბიზნესია. CyFlow მათ ბიზნესისთვის ამუშავებს. თქვენი უფლებების გამოსაყენებლად პირველ რიგში მიმართეთ ბიზნესს.
თუ ჩვენ მოგვწერთ (privacy@cyflow.ge), მოთხოვნას 2 სამუშაო დღის განმავლობაში გადავუგზავნით ბიზნესს და დავეხმარებით, კანონით დადგენილ ვადაში გიპასუხოთ. ვმოქმედებთ ბიზნესის მითითებით, დამოუკიდებლად კი მხოლოდ მაშინ, როცა ამას კანონი მოითხოვს. საჯარო კომენტარი საჯაროდ რჩება Instagram-სა და Facebook-ზე; CyFlow ინახავს მხოლოდ მის ასლს ბიზნესისთვის.
14. თქვენი უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავის შესაბამისად, შეგიძლიათ მოითხოვოთ:
- ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ (მე-13 მუხლი);
- მონაცემთა გაცნობა და ასლის მიღება (მე-14 მუხლი);
- მონაცემთა გასწორება, განახლება და შევსება (მე-15 მუხლი);
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება (მე-16 მუხლი);
- მონაცემთა დაბლოკვა (მე-17 მუხლი);
- მონაცემთა გადატანა სტრუქტურირებული, მანქანურად წაკითხვადი ფორმით ან სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირზე (მე-18 მუხლი);
- თუ დამუშავება თანხმობას ეფუძნება, თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს (მე-20 მუხლი).
მხოლოდ ავტომატიზებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს თქვენ შესახებ არ ვიღებთ (მე-19 მუხლი). მოგვწერეთ: privacy@cyflow.ge. ვამოწმებთ, რომ მოთხოვნა თქვენგან არის. მოთხოვნის განხილვა უსასყიდლოა. პასუხს გაგცემთ 10 სამუშაო დღის განმავლობაში; განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც დასაბუთებით დაუყოვნებლივ გაცნობებთ. Inbox-ის სივრცის მფლობელს მონაცემების ჩამოტვირთვა თავად შეუძლია პარამეტრებში (JSON და CSV).
თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობას ახორციელებს (sao.ge), ან სასამართლოს.
CyFlow საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა. თუ ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებაზე GDPR ან გაერთიანებული სამეფოს GDPR ვრცელდება, ასევე გაქვთ ამ აქტებით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის ლეგიტიმურ ინტერესზე დაფუძნებული დამუშავების გაპროტესტება; პასუხს ნებისმიერ შემთხვევაში ერთ თვეში მიიღებთ, ხოლო საჩივრით შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი საცხოვრებელი ან სამუშაო ქვეყნის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (გაერთიანებულ სამეფოში ICO-ს).
15. ასაკი
Inbox და API განკუთვნილია ბიზნესებისა და მათი თანამშრომლებისთვის, რომლებიც სრულწლოვნები (18 წლის ან მეტის) უნდა იყვნენ. საკუთარი მიზნებისთვის ბავშვების მონაცემებს შეგნებულად არ ვაგროვებთ. ბიზნესის კლიენტი შეიძლება არასრულწლოვანი იყოს; მისი მონაცემების დამუშავების კანონიერ საფუძველზე, მათ შორის, როცა ამას კანონი მოითხოვს, მშობლის თანხმობაზე, პასუხისმგებელია ბიზნესი.
16. მონაცემთა წაშლა და CyFlow-ის გათიშვა
როგორ გათიშოთ არხი, როგორ წაშალოთ სივრცე, ანგარიში ან ერთი კლიენტის მიმოწერა, რას შლის თითოეული ქმედება და რას არა, აღწერილია გვერდზე მონაცემთა გამოყენება და წაშლა. CyFlow შეგიძლიათ წაშალოთ Facebook-ის ან Instagram-ის პარამეტრებშიც: მაშინ Meta წაშლის მოთხოვნას გვიგზავნის და გაძლევთ დადასტურების კოდს, რომლითაც მოთხოვნის სტატუსს ჩვენს გვერდზე ნახავთ.
17. Telegram Business-ის ბოტი
როცა CyFlow-ის ბოტს Telegram Business-ში ამატებთ, ის იღებს შეტყობინებებს იმ ჩატებიდან, რომლებზეც წვდომას მისცემთ, ინახავს მათ ამ პოლიტიკით აღწერილი წესით და გადასცემს მხოლოდ თქვენს Inbox-ს ან თქვენ მიერ დაკავშირებულ პროგრამას. ბოტის მუშაობის არსებითი ცვლილების შესახებ წინასწარ გაცნობებთ, რათა საჭიროების შემთხვევაში ბოტი წაშალოთ.
18. ცვლილებები
ამ პოლიტიკის ცვლილებას გამოვაქვეყნებთ ამ გვერდზე ახალი თარიღით. არსებითი ცვლილების შესახებ Inbox-ის სივრცეების მფლობელებსა და პროგრამებს ელფოსტით ვაცნობებთ ძალაში შესვლამდე არანაკლებ 30 დღით ადრე. წინა ვერსიები შეგიძლიათ მოითხოვოთ: privacy@cyflow.ge.